ჩინეთის ისტორია უძველესი ხელნაწერების მიხედვით დაახლოებით 3500 წლის წინ დაიწყო. ეს არის ერთ-ერთი უძველესი და უმთავრესი იმ ცივილიზაციათაგან, რომლებიც დღესაც კი არსებობს და განაგრძობს განვითარებას. კუს ბაკანზე ნაპოვნი ხელნაწერები, რომლებიც გვაგონებს ძველ ჩინურ დამწერლობას, თარიღდება ძვ.წ. 1500 წლით. ამ ჩანაწერების მიხედვით ჩინური ცივილიზაცია დაიწყო დაახლოვებით 5000 წლის წინ ქალაქ-სახელმწიფოების ჩამოყალიბებით. მიღებულია, რომ ჩინეთი ერთი დიდი სამეფოს, იმპერიის ქვეშ დაახლოებით 2000 წლის წინ გაერთიანდა. წარმატებულმა დინასტიებმა ჩამოაყალიბეს ბიუროკრატიული კონტროლის სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევდა იმპერატორს ემართა გეოგრაფიულად საკმაოდ დიდი ტერიტორია. ის, რასაც დღეს ჩინეთის ცივილიზაციას უწოდებენ დაიწყო იმპერატორი ქინ შიჰუანგდი-ს მიერ, დამწერლობის სისტემისა იძულებითი დადგენის (ძვ.წ. 200 წელს) და კონფუციანიზმზე დამყარებული სახელმწიფო იდეოლოგიის (ძვ. წ. 100 წელს) ჩამოყალიბების შემდეგ.
მეორე დინასტია, რომლის არსებობა დადასტურებულია, იყო შანის დინასტია (ჩინ. 商朝), რომელიც თარიღდება ძვ.წ. 1750-ძვ.წ. 1040 წლებით. არის სამი მთავარი ფაქტორი, რაც აუცილებელია ვიცოდეთ ამ დინასტიის შესახებ.
* ის იყო ყველა დროის ყველაზე განვითარებული და წინ წასული ბრინჯაოზე მომუშავე ცივილიზაცია. * ამ დინასტიის ნეშთები, გვაძლევს ჩინური დამწერლობის ყველაზე ადრინდელ და სრულყოფილი ნიმუშებს, რომლებიც შესრულებულია ღორის ტყავზე. * ეს დინასტია იყო ალბათ ყველაზე სისხლს-მოწყურებული იმ დროისთვის და საერთოდ შუასაუკუნეებამდელ პერიოდში. მათ აშკარად უყვარდათ ადამიანების მსხვერპლშეწირვა. თუ მეფე მოკვდებოდა, მაშინ ას მონაზე მეტი შეუერთდებოდა მას სამარხში. ზოგიერთებს, ჯერ თავს აჭრიდნენ და მერე ყრიდნენ სამარხში, ზოგს კი პირდაპირ ცოცხლად მარხავდნენ. ისინი აგრეთვე მსხვერპლად წირავდნენ ადამიანებს სხვადასხვა რიტუალურ და ცერემონიულ შემთხვევებზე.
ამ დინასტიას ჰქონდა საკმაოდ უცნაური პატრილინიარული სისტემა, იმის მაგივრად რომ მამას შვილისთვის დაეტოვებინა ტახტი, მეფის წოდება გადადიოდა უფროსი ძმიდან უმცროსზე. ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც ყველაზე უმცროსი ძმა გარდაიცვლებოდა, მაშინ ტახტზე ადიოდა ასაკით ყველაზე დიდი ბიძაშვილი ან მამიდაშვილი, რომელიც აუცილებლად მამრობითი სქესის უნდა ყოფილიყო.
შანის დინასტიის გადაგვარების შემდეგ, ჩინეთის მმართველობაში, მოვიდა ჟოუს დინასტია (ჩინ. 周朝), რომელმაც იარსება ძვ.წ. 1100-ძვ.წ. 256 წლებში. ამ დინასტიის მმართველობის პერიოდი იყოფა ორ ნაწილად: დასავლური (ძვ.წ. 1100-ძვ.წ. 771) და აღმოსავლური (ძვ.წ. 771-ძვ.წ. 256) ჯოუს დინასტია. უმეტესობა ისტორიკოსები და მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჯოუს დინასტია უფრო „ჩინური“ იყო, ვიდრე შანის. თუნდაც იმიტომ, რომ ჯოუს დინასტიაში მეფის (მმართველის) ტიტული მამისგან შვილს გადაეცემოდა. აგრეთვე ნაკლებად ჰქონდათ ყურადღება გამახვილებული ადამიანთა მსხვერპლშეწირვაზე. მაგრამ შანის დინასტიასთან შედარებით ნაკლებად ძლიერები იყვნენ ბრინჯაოს ხმარებაში. თუმცა საუკუნეები დასჭირდა, სანამ დასავლეთმა ისწავლა ბრინჯაოს ხმარება ისევე, როგორც ჯოუმ. ზოგიერთ მეცნიერს სჯერა, რომ სიას, შანის და ჯოუს დინასტიები იყო სამი სხვადასხვა კულტურა, რომლებიც ასე თუ ისე, ერთ პერიოდში აღმოცენდა ყვითელი მდინარის ველზე. ისტორიული ჩანაწერები კი ამას ასაბუთებს იმით, რომ სიას დინასტია დაიპყრო შანმა, შემდეგ კი ჯოუმ იმარჯვა ამ უკანასკნელზე.
სინამდვილეში ჯოუ არ მართავდა მთელ იმ ტერიტორიას, რაც მაშინ იყო ჩინეთი. იმ დროს ჩინეთი შედგებოდა ასე თუ ისე დამოუკიდებელი სამთავროებისგან. ჯოუს დინასტია კი ყველაზე ძლიერი სამთავროს მართავდა. ეს სამთავრო განლაგებული იყო ჩინეთის სამთავროების ცენტრში და ანვითარებდა და აღმავლობის გზაზე აყენებდა იამს, რასაც ჩინელები ეძახიან თავიანთ ქვეყანას — შუა სამეფოს. ჯოუს დინასტიამ შესძლო სიმშვიდის შენარჩუნება რამოდენიმე ასწლეულის განმავლობაში, მაგრამ ძვ.წ. 771 წელს, დასავლეთიდან მოსულმა ბარბაროსებმა დაანგრიეს დასავლეთ ჯოუს სამთავრო დინასტია. ამ მარცხის შემდეგ, ჯოუს დინასტიამ გადაინაცვლა აღმოსავლეთით, სწორედ ეს გახდა ამ დინასტიის მმართველობის პერიოდის ორ ნაწილად გაყოფის მიზეზი.
აღმოსავლეთ ჯოუს დინასტიას აშკარად შეეტყო ძალების შესუსტება. თანდათან ჩამოყალიბდა ახალი ფილოსოფიები და იდეები. სამი ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიული გადმოსახედიდან, იყო (არის) დაოსიზმი (ტაოიზმი), კონფუციანიზმი და ლეგალიზმი.
* დაოიზმი არის აგებული დაოს შესწავლაზე, დაო ნიშნავს გზას. დაოიზმის უძველესი წიგნია „დაო დე ჯინგი“ (გზა და სათნოება), რომელიც დაწერა ლაო-ძიმ. თუმცა დანამდვილებით არ არის ცნობილი ნამდვილად ლაო-ძი ერქვა მას თუ არა, საერთოდ თუ არსებობდა ლაო-ძი და არის თუ არა ეს წიგნი ერთი ავტორის მიერ დაწერილი. დაოისტებს უყვარდათ ამდაგვარი ფიქრები და პარადოქსული მსჯელობები. მაგალითად: „ამბავი კაცზე, რომელსაც ესიზმრებოდა რომ იგი იყო პეპელა, მერე მას გაეღვიძა და იგი ფიქრობდა ვინ იყო ის, ადამიანი თუ პეპელა, რომელსაც ესიზმრებოდა რომ ის იყო ადამიანი“. ეს არის დაოიზმის კლასიკური მაგალითი. დაოიზმს გარკვეული ზემოქმედება ჰქონდა ძენ (ზენ) ბუდიზმის განვითარებაზე.
* კონფუცი, რომელიც ცხოვრობდა დაახლოებით ძვ.წ. V საუკუნეში, თვლიდა რომ მორალიანი კაცები კარგი მმართველები არიან, და რომ სათნოება და ღირსება ერთ-ერთი უმთავრესი თვისებაა ხელმძღვანელის ან ლიდერის. კონფუციანიზმი, საერთოდ ამბობს იმას, რომ ყველა ადამიანი კარგია და რომ ღირსება და კეთილდღეობა მოიპოვება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი სათანადოდ მოიქცევა. კონფუციმ დიდი ყურადღება გაამახვილა ამ „სათანადოზე“ (ანუ სათანადოდ მოქცევაზე). კონფუციანიზმი ამბობს, რომ იმპერატორი არის სამოთხის შვილი (სამოთხე კი დასავლეთში აღიქმება როგორც ადგილი ცაში, ხოლო აღმოსავლეთში კი ნიშნავს ღვთაებრივ ძალას) და მას აქვს სამოთხის მანდატი რათა მართოს.
* ლეგალიზმი მომდინარეობს კონფუცის ერთ-ერთი მოსწავლის, ხუნ-ძის სწავლებებისგან. ზუნ-ძის სწამდა, რომ უმეტესწილად ადამიანი ჯერ თავის თავზე იფიქრებს, მაშასადამე იგი არის ბოროტი. ამის გამო ლეგალისტებმა შექმნეს კანონები, რომლებიც გაამარტივებდნენ ხალხის მართვას. კონფუციანიზმის და ლეგალიზმის ფუნდამენტალური მიზანი იყო იმ დროს დაშლილი ჩინეთის ხელახალი გაერთიანება, უბრალოდ მათ სხვადასხვა მიდგომა არჩიეს. კონფუციანიზმი ეყრდნობოდა ღირსებას და ქველობას, ხოლო ლეგალიზმი იყენბდა რკინის მუშტს. ლეგალიზმი იცავდა იმ ტექნიკებს და ხერხებს, რომლებიც გულისხმობდნენ წიგნების დაწვას და განადგურებას, მეზობლებს შორის დასმენის ინსტიტუტს, საიდუმლო პოლიციას, მოკლედ დაახლოვებით ისეთი სტილის ინსტიტუციებს, რომლებას მომავალში, ახლო ისტორიაში, გამოიყენეს ჰიტლერმა, სტალინმა, მაომ და სხვა დიქტატორებმა.
ძვ.წ. 221 წელს, ჩინეთის პირველმა იმპერატორმა (მანამდე ყველა წინამდებარე დინასტიის მეთაურები საკუთარ თავს მეფეებს ეძახდნენ) ცინ შიჰუანდიმ მთლიანად დაიპყრო რამოდენიმე ასწლეულის განმავლობაში დაშლილი ჩინეთი. მისი მოგება განაპირობა ორმა მიზეზმა:
* ის იყო თავგანწირული ლეგალისტი (იმ დონეზე თავგანწირული და ფანატიკური, რომ რაც ქვეყანაში წიგნი იყო, რაც მან იპოვა, ყველა დაწვა და გაანადგურა); ხოცავდა თავის გენერლებს და სამხედროებს იმის გამო, რომ მათ დააგვიანეს შეხვედრაზე (თუმცა ამან მომავალში მისი დამარცხება გამოიწვია). * ცინის სახელმწიფოს, დინასტიას, ჰქონდა ძალიან ბევრი რკინა, ამის გამო, რკინის ხანის პერიოდში, მათ ბევრად უფრო მეტი რკინის იარაღი ჰქონდათ ვიდრე სხვა სამთავროების არმიაებს.
ცინის დინასტიის (ჩინ. 秦) დროს დაიწყო ჩინეთის დიდი კედელის მშენებლობა. ფაქტობრივად ჩინეთის კედელს აშენებდა 5 დინასტია დაახლოებით 1800 წლის განმავლობაში. დაიწყო ცინის დინასტიამ და დაამთავრა მინის დინასტიამ ჩვენი წელთაღრიცხვით 1620 წელს.
ძვ.წ. 210 წელს ცინ შიჰუანდი გარდაიცვალა. რასაც მალევე მოყვა დინასტიის დაშლა საკმაოდ კურიოზული მიზეზით. რევოლუცია დაიწყო ერთმა უბრალო ჯარისკაცმა, რომელსაც ქინის ბრძანებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მიზეზი ამისა გახდა ის, რომ ამ ჯარისკაცს დააგვიანდა ახალწვეულების მიყვანა, რადგან წვიმიანი ამინდი იყო და გზები ძალიან ატალახიანდა. ამ ჯარისკაცმა დაითანხმა ყველა ის ადამიანი ვისაც მასთან ერთად მიუსაჯეს სიკვდილი, რომ დაეწყოთ გადატრიალება. ისინი საბოლოოდ დაიჭირეს და სათანადოდ დასაჯეს (მოკლეს), თუმცა მათმა წამოწყებულმა რევოლუციამ შედეგი გამოიღო. ცინის დინასტია დაიშალა და გზა გაეხსნა ახალ, ჰანის დინასტიას. კუნგ–ჰუ იყო ამ დინასტიების დამცველი ფილოსოფია.
ჩინეთის დიდი კედელი (გამარტ. ჩინ.: 万里长城; ტრად. ჩინ.: 萬里長城; -- ვანლი ჩან’ჩენ; ნიშნავს: "10,000 ლის სიგრძის კედელი") -- ჩინური სამხედრო გამაგრება; მშენებლობა მიმდინარეობდა ძვ.წ. მე-3-დან ახ.წ. მე-17 საუკუნებდე, სხვადასხვა დინასტიების მონღოლთა, თურქთა და სხვა მომთაბარე ტომთაგან თავდასხმებისგან დასაცავად. ამ პერიოდში რამდენიმე კედელი აშენდა, თუმცა მათ შორის ყველაზე განთქმულია დიდი კედელი აგებული ძვ.წ 220-200 წლებში პირველი იმპერატორი ქინ ში ჰუანდის მიერ (ის უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა ვიდრე მინის დინასტიის დროს აგებული ამჟამინდელი დიდი კედელი და მისგან თითქმის არაფერი შემორჩა).
მსოფლიოში ყველაზე გრძელი და განსაცვიფრებელი ნაგებობის, ჩინეთის დიდი კედლის გარეგნული სილამაზისა და გრანდიოზულობის მიღმა ბევრი ამოუცნობი საიდუმლოება იმალება. ცოცხლად ჩატანებული მეომრები, დაკარგული საგანძური, მიწისქვეშა სამალავები, უცხოპლანეტელებთან კავშირი და ა.შ. – ეს ყველაფერი ჩინეთის დიდი კედლის დღემდე იდუმალებით მოცული მხარეა. 7 ათას კილომეტრამდე სიგრძის კედელი შანხაის გასასვლელიდან ბოხაის ზღვამდეა გადაჭიმული.
ისმის კითხვა, რა გახდა ამ დიდი ნაგებობის აშენების მიზეზი? ჩინელები უმიზეზოდ და მარტო სილამაზის გულისთვის არაფერს აშენებდნენ, არც იმისთვის, რომ ვინმე გაეკვირვებინათ და აღეფრთოვანებინათ. ყველაზე გავრცელებული ლეგენდის მიხედვით, როდესაც ჩინეთის დიდი იმპერია ერთი იმპერატორის მმართველობის ქვეშ გაერთიანდა და შიდა ქიშპობას ბოლო მოეღო, სერიოზული ზომების მიღება გახდა საჭირო გარე მტრებისგან თავის დასაცავად.
აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით ჩინეთი ბუნებრივად იყო დაცული მთებითა და უდაბნოებით, ერთადერთი ღია სივრცე ჩრდილოეთით რჩებოდა. უზარმაზარი კედლის აშენების იდეა, რომელიც ამ ჩრდილოეთ მხარეს დაიცავდა, პირველად თავში უდიდეს იმპერატორს, შინხუანდის მოუვიდა.
როცა კედელს აშენებდნენ, ალბათ არავის მოუვიდოდა აზრად, რომ ეს ნაგებობა ოდესმე ტურისტულ ცენტრად იქცეოდა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან უამრავ ადამიანს მიიზიდავდა იმის სანახავად, თუ როგორი უზარმაზარი რაღაც ააშენა ამ უდიდესმა ქვეყანამ.
ამ კედლის შემხედვარე, ნებისმიერი ადამიანი იმასაც მიხვდება, რომ უბრალო მუშახელი ამხელა კონსტრუქციას ვერ ააშენებდა. საჭირო იყო კვალიფიციური მშენებლებისა და არქიტექტორების მოკრება. იმპერატორმა თავიდანვე იცოდა, რომ ისეთი კედელი უნდა აგებულიყო, რომელიც საუკუნეებს თავისუფლად გაუძლებდა.
ჩინელები მაშინაც საკმაოდ ბევრნი იყვნენ და მიზნის სისრულეში მოყვანა არ გასჭირვებიათ. ათასობით ადამიანი სრულიად უანგაროდ შრომობდა მშენებლობაზე და ეს მათთვის დიდი პატივიც კი იყო. ძვ.წ.აღ–ით მე–3 საუკუნეში დაწყებული მშენებლობა ახ.წ.აღ–ით მე–17 საუკუნეში დასრულდა.
ჩინეთს ძალიან ბევრი ემტერებოდა, ამიტომ, სანამ ჩრდილო ნაწილი ჯერ კიდევ ღია იყო, თავდაცვის მიზნით ყოველ საღამოს კოშკის თავზე დიდ კოცონს ანთებდნენ. თუ მოახლოებულ მტერს დაინახავდნენ, კოცონს აქრობდნენ იმის ნიშნად, რომ საბრძოლო მზადება დაწყებულიყო. ალბათ ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ სხვა ქვეყნებში პირიქით ხდებოდა, როცა მტერს დაინახავდნენ, სწორედ მაშინ ანთებდნენ კოცონს.
რა თქმა უნდა, არსებობდა ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი დაგეგმა და სხვების დახმარებით განახორციელა კიდეც. ისმის კითხვა, ვინ იყო ის? სამწუხაროდ, მის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. თანამედროვე მკვლევრების მტკიცებით, ჩინელები მის ვინაობას შეგნებულად მალავენ და როგორც ყოველთვის, თავიანთი ისტორიის დეტალებს არ ახმაურებენ.
საერთოდ, ჩინელებს ბევრი რამის გამოგონებას და შექმნას მიაწერენ, რომელთა ტექნოლოგიას შემდეგ საუკუნეების განმავლობაში ასაიდუმლოებდნენ, თან იმ დონეზე, რომ ამ საიდუმლოებების არგათქმას მათი სიცოცხლეც კი ეწირებოდა.
როგორც ნებისმიერი უძველესი ქვეყნისათვის, ჩინეთისთვისაც არ იყო უცხო მსხვერპლშეწირვის ტრადიცია. არსებობს ცნობა, რომ ტირანმა იმპერატორმა ნათელმხილველების რჩევით გადაწყვიტა, მშენებლობის დროს კედლებში ცოცხლად ჩაეტანებინა მეომრები.
შინხუანდის აზრით, რაც უფრო მეტი ადამიანის სისხლი შეეწირებოდა მშენებლობას, მით უფრო ძლიერი და სახელგანთქმული იქნებოდა შენობა. მეომრებმა საკუთარი ინიციატივით შესწირეს თავი ჩინეთის დიდ კედელს. ცნობილია, რომ მსხვერპლად შეწირული მეომრების ოჯახებმა კედელიც სამუდამოდ დაწყევლეს და იმპერატორიც.
თანამედროვე მეცნიერებმა ბევრისთვის არც ისე დამაჯერებელი ჰიპოთეზა წარმოადგინეს, რომ ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობაში შესაძლოა ადგილობრივების გარდა სხვა ცივილიზაციებიც, მათ შორის უცხოპლანეტელებიც მონაწილეობდნენ. ამ დასკვნის ერთ–ერთი საფუძველი ისიცაა, რომ ჩინეთის დიდი კედელი ერთადერთი ნაგებობაა დედამიწაზე, რომელიც კოსმოსიდანაც ჩანს.
გასული საუკუნის 80–იან წლებში ამერიკელებმა შეძლეს კოსმოსში გაშვებული ხომალდიდან დედამიწისთვის ფოტოების გადაღება, საიდანაც თეთრ ზოლად მოჩანს ჩინეთის დიდი კედელი. კიდევ ერთი საკვირველი ფაქტი ისაა, რომ ის დედამიწის ატლასზე 30–ე პარალელს ემთხვევა.
თუ ჩინეთის დიდ კედელს 30–ე პარალელის მიხედვით გავყვებით და ბოლომდე ჩავალთ, ხეოფსის პირამიდას მივადგებით. ასეთი დამთხვევები ბევრია, მაგრამ მათი ახსნა დღემდე ვერ ხერხდება. ერთი რამ კი ნათელია – უძველესი ცივილიზაციების ერები ბევრ ისეთ სიბრძნეს ფლობდნენ, რომელსაც დღეს მეცნიერები ვერ ხსნიან და არც ასეთი “დამთხვევები” უნდა ჩაითვალოს მხოლოდ უნებლიე დამთხვევად.
როგორც ვიცით, დედამიწა მზის გარშემო ბრუნვისას ელექტრონულ ტალღებს წარმოშობს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ კოსმოსთან პირდაპირი კავშირი დამყარდეს. ხოლო კედელი ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ელექტროენერგიის გიგანტური ველი.
არსებობს თეორია, რომ ელექტრომაგნიტური სიგნალი დედამიწიდან კოსმოსში სწორედ ჩინეთის დიდი კედლიდან ადის. და თუ ასეა, ვინ იცის, იქნებ სულაც არ არის უტოპიური იმ მეცნიერების თეორია, რომლებიც ვარაუდობენ, რომ ძველი ჩინელები კოსმოსთან კავშირის დამყარებას ცდილობდნენ და ამიტომაცაა კედლის ხაზი ასეთი ზუსტი.
ჩინელი მკვლევრები სხვა ვერსიებსაც ავითარებენ. მათი მტკიცებით, კედლის ქვეშ მრავალი გვირაბია გათხრილი, იქვე მდებარე დალუქული სარდაფები კი არავისთვის იხსნება. ეს ვერსია მას შემდეგ წამოიჭრა, რაც გასული საუკუნის 80–იან წლებში ჩინელმა მკვლევარმა სარდაფში შეღწევა სცადა. დაცვამ იგი დააკავა და განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, მაგრამ მკვლევარმა დარწმუნებით განაცხადა, რომ იქ ძვირფასეულობა ინახება. დალუქული სარდაფები დღემდე ბევრი მკვლევრისა თუ მეცნიერის საოცნებო ადგილად რჩება.